PlayStation 1-ის თამაშები! ნამდვილი ნოსტალგიაა! ❤️ ჩვეულებრივი დროის მანქანაა, ერთი ჩართვა და ეგრევე ბავშვობაში ან თინეიჯერობაში ვბრუნდებით. მახსოვს, როგორ ვიყავით ჩამჯდარი ამ ჯადოსნურ კონსოლთან საათობით და რა დღესასწაული იყო ყოველი ახალი დისკის ყიდვა.

გადავწყვიტე, ჩემი პირადი ტოპ 10-ეული გამეზიარებინა PlayStation 1-ის იმ თამაშებიდან, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაზე. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ და შეიძლება ბევრს სხვა თამაშები მოგწონდათ, მაგრამ ეს ის ათეულია (რეალურად კი თერთმეტეული), რომელიც, ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებულია.

  1. Tarzan (ტარზანი) დისნეის ამავე სახელწოდების ულამაზესი ანიმაციური ფილმის შესანიშნავი თამაშ-ადაპტაცია. ჯუნგლებში სირბილი, ლიანებზე ხტომა, ხილით ბოროტი მაიმუნების გენოციდი და ტარზანის აკრობატული ილეთები დაუვიწყარ სიამოვნებას გვანიჭებდა. გრაფიკა და მუსიკა პირდაპირ მულტფილმიდან იყო გადმოსული. თან ეს ჩემი პირველი თამაში იყო და სულ სხვა გემო ჰქონდა. (ზეპირად ვიცოდი თამაში მაგრამ სულ ბოლო მისია მაინც გაუსვლელი დამრჩა, მოკლედ ვერ დავხურე)
  2. Hercules (ჰერკულესი) კიდევ ერთი დისნეის შედევრი, სადაც ძველბერძნულ მითოლოგიაში ვმოგზაურობდით ლეგენდარულ ჰერკულესთან ერთად. ფერადი სამყარო, იუმორით სავსე პერსონაჟები და, რა თქმა უნდა, ჰიდრასთან ბრძოლა, რომელიც დღემდე მახსოვს! “Zero to Hero” საუნდტრეკზე დატრიალება ხომ ცალკე სიამოვნება იყო. ჰერკულესი და ტარზანი ერთ დისკზე იყო და საუკეთესოდ მახსოვს ის 2002 წლის შემოდგომის დღეები, როცა ახალ ტელევიზორზე პირველად ვითამაშე.
  3. Spider-Man (ადამიანი ობობა – 2000 წლის) ეს თავის დროზე ნამდვილი რევოლუცია იყო! პირველად შევძელით ნიუ-იორკის თავზე ქსელებით ისე თავისუფლად გადაადგილება, თითქოს მართლა ადამიანი-ობობა ვყოფილიყავით. უამრავი კოსტიუმი, ნაცნობი ბოროტმოქმედები და კომიქსების ატმოსფერო იდეალურად იყო გადმოცემული. Venom-თან ბრძოლები დაუვიწყარი იყო! ტოპ 3 თამაშში ნამდვილად იმსახურებს ადგილს.
  4. Harry Potter and the Philosopher’s Stone & Chamber of Secrets (ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა & ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი) პირველი ნაბიჯები ჰოგვორტსის ჯადოსნურ სამყაროში! ამ თამაშებმა ჰარი პოტერის ფანებს საშუალება მოგვცა, თავად გამოგვეცადა ქვიდიჩის თამაში (თუნდაც ცოტა მოუხერხებლად), შელოცვების სწავლა და საიდუმლოებებით სავსე კორიდორების კვლევა. Flipendo!
  5. Spyro the Dragon (სპირო) პატარა, საყვარელი, იასამნისფერი და ცეცხლოვანი დრაკონი სპირო და მისი თავგადასავლები ფერად და მრავალფეროვან სამყაროებში. კრისტალების შეგროვება, მტრების “დაბრაწვა” და ახალი, ფანტასტიკური ადგილების აღმოჩენა საათობით გვართობდა. Sparx the Dragonfly ხომ ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო! ცოტა ბავშვური იყო მაგრამ მეც ბავშვი ვიყავი და მოსულა.
  6. Army Men (პლასტმასის ჯარისკაცები) რომელ ჩვენგანს არ უთამაშია პლასტმასის ჯარისკაცებით ბავშვობაში? ეს სერია სწორედ ამ ნოსტალგიას აცოცხლებდა, სადაც მწვანე (ან სხვა ფერის) ჯარისკაცებით ვიბრძოდით სხვადასხვა გარემოში – სამზარეულოდან დაწყებული, ეზოთი დამთავრებული. ტაქტიკური ბრძოლები სათამაშოების სამყაროში! ერთ-ერთი ანდერრეითედ თამაშია და იშვითად ახსენებენ. არადა ძაან მაგარი იყო და ბევრი სერია ჰქონდა, რამდენიმე მაქვს ნათამაშები და ყველა კარგი იყო.
  7. Stuart Little 2 (სტიუარტ ლითლი 2) სტიუარტ ლითლის მხიარული თავგადასავლები დიდ სამყაროში! ეს თამაში, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმს ეფუძნებოდა, გვთავაზობდა საინტერესო მისიებს, მინი-თამაშებს (მაგალითად, თვითმფრინავით ფრენა) და პატარა თაგუნას პერსპექტივიდან დანახულ გიგანტურ სამყაროს. გაკეთებული იყო ძაან კარგ ფერებში, კარგი მუსიკით, ესეც ცოტა ძაან საბავშვო თამაში იყო მაგრამ კარგად მახსოვს.
  8. Tekken 3 (ტეკენ 3) სავარაუდოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და საკულტო საბრძოლო თამაში! Tekken 3-მა ახალ საფეხურზე აიყვანა ჟანრი თავისი გრაფიკით, პერსონაჟების (ჯინი, ჰეიჰაჩი, ედი გორდო თავისი კაპოეირათი!) მრავალფეროვნებითა და საბრძოლო სისტემის სიღრმით. ყველა დაბადებისდღის და მეგობრებთან შეკრების განუყოფელი ნაწილი იყო! “Get ready for the next battle!” არც მახსოვს რამდენჯერ დავხურე. ყველა პერსონაჟით ცალ-ცალკე და მოკლედ, უკვდავი თამაშია. ისეთი იყო, დისკი რომ გიფუჭდება და ისევ ყიდულობ. ვერ მოგბეზრდებოდა.
  9. Xena: Warrior Princess (ქსინა: მეომარი პრინცესა) ლეგენდარული მეომარი პრინცესა ქსინას როლში ყოფნა და მისი საფირმო ჩაკრამის გამოყენება ბოროტების წინააღმდეგ. თამაში საშუალებას გვაძლევდა, თავად გავმხდარიყავით მითიური თავგადასავლების მონაწილე და რამდენიმე ურჩხულისთვის გაგველაწუნებინა. “Aiyiyiyiyi!”
  10. Driver 2: Back on the Streets ჰოლივუდური ბლოკბასტერის შეგრძნება PS1-ზე! Driver 2 გვთავაზობდა უზარმაზარ, ღია ქალაქებს (ჩიკაგო, ჰავანა, ლას ვეგასი, რიო), მანქანიდან გადმოსვლის (Driver 1-ისგან განსხვავებით) და სხვა მანქანების “თხოვების” შესაძლებლობას, და კინემატოგრაფიულ, დაძაბულ მისიებს. ნამდვილი ადრენალინი საჭესთან! GTA არ იყო მაგრამ ბევრიც არ აკლდა. ერთ-ერთი საუკეთესო და ნოსტალგიური თამაშია ჩემთვის.

აი, ეს იყო ჩემი მოკრძალებული სია. იმედია, ეს თამაშები ბევრი თქვენგანისთვისაც კარგ მოგონებებს აღძრავს. დღეს უკვე მარტივია ემულატორებზე ამ თამაშების გატესტვა და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვითამაშოთ, მაგრამ მაშინ როცა ბევრი საშუალება არ იყო, ფლეისთეიშენ ერთზე (სონიზე, როგორც ზოგი ეძახდა) ამ თამაშების თამაშს არაფერი ჯობდა.