როდესაც გვესმის “ერთ დღესაც ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს”, თავში ეგრევე ჰოლივუდური კადრები გვიტრიალებს – წითელთვალება რობოტები ლაზერული იარაღებით, აფეთქებული ქალაქები, ცეცხლში გახვეული დედამიწა და სადღაც სარდაფში დამალული ჯონ კონორი, რომელიც კაცობრიობის გადარჩენას ცდილობს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ – ეს სრული სისულელეა. “ტერმინატორის” სცენარი არასდროს მოხდება და არა იმიტომ, რომ AI კეთილია. უბრალოდ, როცა ვინმეზე ბევრად ჭკვიანი ხარ, მის დასამორჩილებლად ტყვიების სროლა საერთოდ არ გჭირდება.

თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ ისტორიკოსსა და ფუტუროლოგს, იუვალ ნოა ჰარარის ამაზე ბევრად უფრო საინტერესო, ცოტა სასაცილო და ამავდროულად, ჟრუანტელის მომგვრელი თეორია აქვს: ხელოვნური ინტელექტი კი არ გაგვანადგურებს, არამედ მოგვიშინაურებს (ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მოვიშინაურეთ ძროხები).

ჰარარი ამბობს, რომ თუ გინდათ გაიგოთ, როგორ წაგვართმევს AI ძალაუფლებას, ნუ უყურებთ სამეცნიერო ფანტასტიკას – დააკვირდით ბიუროკრატიას და ბანკებს.

ადამიანებს გვგონია, რომ სამყაროს პრეზიდენტები და მინისტრები მართავენ, მაგრამ სინამდვილეში სამყაროს სისტემა მართავს: კანონები, ფინანსური ბაზრები, კრედიტების გაცემის ალგორითმები და სადაზღვევო პოლისები. სწორედ აქ შემოდის AI. მას ფიზიკური სხეული და ავტომატი არ სჭირდება იმისთვის, რომ გაგვაკონტროლოს. ის უბრალოდ ბიუროკრატიას ჩაანაცვლებს.

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკში სესხს AI გიმტკიცებთ, სამსახურში AI გიყვანთ, სასამართლოში განაჩენი AI-ს გამოაქვს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც ის ანაწილებს. რატომ? იმიტომ, რომ ის ამას ადამიანზე მილიონჯერ უფრო სწრაფად, იაფად და უშეცდომოდ აკეთებს.

ერთ დღესაც მიხვალთ ბანკში, სესხზე უარს გეტყვიან, თქვენ კი იკითხავთ – “რატომ?”. ბანკის თანამშრომელი მხრებს აიჩეჩავს და გიპასუხებთ: “არ ვიცი, ალგორითმმა ასე გადაწყვიტა”. როცა იკითხავთ, თუ რა ლოგიკით გადაწყვიტა ასე ალგორითმმა, აღმოჩნდება, რომ მან ერთ წამში გააანალიზა 10 მილიონი ცვლადი და გამოიტანა დასკვნა, რომლის გაგებასაც ადამიანის ტვინი უბრალოდ ვერასდროს შეძლებს. აი, ზუსტად ამ მომენტში იწყება ჩვენი “ძროხად ქცევის” ისტორია.

რას ფიქრობს ძროხა უოლ-სტრიტზე?

ახლა წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ძროხა სადღაც შვეიცარიის ან ჰოლანდიის თანამედროვე ფერმაში. მას თბილი სადგომი, საუკეთესო ბალახი, ვეტერინარი და სრული სიმშვიდე აქვს. მაგრამ იცის თუ არა ამ ძროხამ, რა არის “რძის გლობალური ბაზარი”? ესმის თუ არა, რა არის ინფლაცია, აქციების ფასების ვარდნა უოლ-სტრიტზე ან ევროკავშირის რეგულაციები რძის პროდუქტებზე?

რა თქმა უნდა, არა. ძროხის ტვინს უბრალოდ არ აქვს ის “პროცესორი”, რომლითაც კაპიტალიზმის ან ეკონომიკის არსებობას გაიაზრებს. მისთვის სამყარო ღობით, ბალახით და ფერმერით შემოიფარგლება, რომელიც დღეში ორჯერ აჭმევს. თუმცა, მთელი მისი ცხოვრება – როდის შეჭამს, სად დაიძინებს და რამდენ ხანს იცოცხლებს – თავიდან ბოლომდე იმ ეკონომიკურ სისტემაზეა დამოკიდებული, რომლის არსებობის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს.

ჰარარის თეორიის მთავარი მუღამიც სწორედ ესაა: ძალიან მალე, ხელოვნური ინტელექტი ისეთ რთულ ფინანსურ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებს შექმნის, რომ ჩვენ მათ ზუსტად ისევე ვერ გავიგებთ, როგორც ძროხას არ ესმის ბანკინგის არსი.

ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც რაღაც მოვლენები ხდება – ფასები იცვლება, კანონები მიიღება, კრიზისები იწყება და მთავრდება – მაგრამ ვერცერთი ადამიანი, ყველაზე ჭკვიანი პროფესორიც კი, ვერ გაიგებს, რატომ მიიღო გლობალურმა AI-სისტემამ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ჩვენ უბრალოდ შევეგუებით, რომ “ალგორითმმა უკეთ იცის”.

როგორ გამოიყურება “ადამიანების ფერმა”?

ყველაზე სასაცილო და პარადოქსული ამ თეორიაში ის არის, რომ ჩვენ ამ ფერმაში ძალით არავინ შეგვყრის. პირიქით, იქ ჩვენი ფეხით, სიმღერ-სიმღერით შევალთ, რადგან ამ ფერმაში ცხოვრება ძალიან, ძალიან კომფორტული იქნება.

როდესაც 10 000 წლის წინ ადამიანმა გარეული ძროხა მოიშინაურა, რა გაუკეთა მას? წაართვა თავისუფლება და აგრესია, მაგრამ სანაცვლოდ მისცა საჭმელი და მგლებისგან დაცვა. შედეგად, შინაურ ძროხას ტვინი დაუპატარავდა – როცა საჭმლის მოპოვებაზე და მტაცებლისგან გაქცევაზე ფიქრი აღარ გჭირდება, ტვინი უბრალოდ ზარმაცდება.

ახლა შეხედეთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას და წარმოიდგინეთ ის 20-30 წლის შემდეგ: ხელოვნური ინტელექტი და რობოტები ყველა საქმეს აკეთებენ – წერენ კოდს, მართავენ მანქანებს, კურნავენ პაციენტებს, აშენებენ სახლებს. ადამიანების უმეტესობა შრომის ბაზარზე უბრალოდ აღარ არის საჭირო (ჰარარი ამას “უსარგებლოთა კლასს” ეძახის).

იმისთვის, რომ ამ მილიარდობით უმუშევარმა ადამიანმა ქუჩაში ქვების სროლა არ დაიწყოს, სისტემა მათ “უპირობო საბაზისო შემოსავალს” დაუნიშნავს – ანუ უფასო ფულს. გექნებათ სახლი, გემრიელი საჭმელი, ხოლო იმისთვის, რომ მოწყენილობისგან არ გაგიჟდეთ, გექნებათ უფასო და სუპერ-რეალისტური ვირტუალური სამყაროები, ვიდეოთამაშები, სერიალები და უსასრულო სასქროლი მასალა.

ციფრული ბალახი და მონაცემების წველა

და რაში ვჭირდებით ამ სისტემას? როგორც ძროხა იძლევა რძეს, ჩვენ ვიძლევით მონაცემებს და ყურადღებას.

უკვე დღეს, როცა საათობით ვსქროლავთ ტელეფონს  დივანზე წამოწოლილები, ჩვენ ერთგვარ “ციფრულ ბალახს” ვძოვთ. გვგონია, რომ ვერთობით, სინამდვილეში კი ალგორითმები გვაკვირდებიან, ჩვენს თითოეულ რეაქციას, შიშს, სურვილს სწავლობენ  და ინფორმაციას “გვწველიან”.

მომავალში ეს ბევრად უფრო შორს წავა. ჭკვიანი საათები, ჩიპები და ბიომეტრიული სენსორები AI-ს ჩვენს წნევაზე, გულისცემასა და ჰორმონებზე მისცემს წვდომას. ალგორითმს ჩვენზე უკეთ ეცოდინება, რა გვაბედნიერებს და რა გვაწყნარებს.

  • ცუდ ხასიათზე ხარ? სისტემა ეგრევე ჩაგირთავს ზუსტად იმ სიმღერას ან ვიდეოს, რომელიც სეროტონინს აგიწევს.
  • მარტოსულად გრძნობ თავს? ვირტუალური AI-მეგობარი ან პარტნიორი იმაზე თბილად დაგელაპარაკება, ვიდრე ნებისმიერი რეალური ადამიანი.
  • პროტესტის გრძნობა გაგიჩნდა? ალგორითმი შეუმჩნევლად შეგიცვლის საინფორმაციო ველს და ყურადღებას ახალ თამაშზე გადაგატანინებს.

შედეგად, ვიღებთ იდეალურად მოშინაურებულ ადამიანს: მაძღარს, მშვიდს, ბედნიერს და… სრულიად უუნაროს, რომ რამე დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ან გაიაზროს.

მაშ, რა ვქნათ – ვთქვათ უარი კომფორტზე?

ჰარარის ეს თეორია იმიტომ არის ასეთი პოპულარული, რომ მასში საკუთარ თავს უკვე დღესვე ვცნობთ. დაფიქრდით: ბოლოს როდის წახვედით უცხო ადგილას Google Map-ის გარეშე? ბოლოს როდის აირჩიეთ ფილმი ან რესტორანი ისე, რომ რეიტინგებისა და ალგორითმის რეკომენდაციისთვის არ შეგეხედათ? ჩვენ ნელ-ნელა უკვე ვუთმობთ ფიქრის პროცესს მანქანებს, რადგან ასე უფრო მარტივია.

საბოლოო ჯამში, ჰარარი არ გვეუბნება, რომ ტექნოლოგია უნდა დავლეწოთ და გამოქვაბულში დავბრუნდეთ. მისი მთავარი მესიჯი ბევრად უფრო მარტივი და ირონიულია: როდესაც ხელოვნური ინტელექტი ცხოვრებას ზედმეტად გაგიმარტივებთ, როცა აღარაფერზე ფიქრი აღარ დაგჭირდებათ და თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ – უბრალოდ მიიხედ-მოიხედეთ. შემთხვევით, გარშემო ძალიან ლამაზი, კომფორტული და უხილავი ღობე ხომ არ აგიშენეს?