და რამ გამახსენა “ანგელოზები და დემონები”

2018 წელს დენ ბრაუნის წიგნი – “ანგელოზები და დემონები“ წავიკითხე – ფილმი ნანახი მქონდა მაგრამ კითხვისას პირველად ვიგრძენი, რამდენად საიდუმლო, სიმბოლური და მისტიკური შეიძლება იყოს (XXI საუკუნეშიც კი) რაღაც ისეთი მოვლენა, როგორიცაა კონკლავი.

კონკლავი – ლათინურად cum clave “გასაღებით ჩაკეტილს” ნიშნავს – ესაა პროცესი, როცა კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად იკრიბებიან. და დიახ, რეალურად იკეტებიან სიქსტეს კაპელაში, სიმშვიდეში – ტელეფონების, ინტერნეტის, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე – მხოლოდ ლოცვა, ფიქრი და ხმის მიცემა.

როგორ მუშაობს კონკლავი?

  • ხმის მიცემის უფლებამხოლოდ 80 წლამდე ასაკის კარდინალებს აქვთ.
  • ისინი იკრიბებიან ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში – სწორედ იქ, სადაც მიქელანჯელოს ლეგენდარული ფრესკებია.
  • კენჭისყრის დღის განმავლობაში, ხმის მიცემის პროცესი, რამდენჯერმე იმართება – კარდინალები წერენ ფავორიტი პაპის კანდიდატურას ფურცელზე და სპეციალურ ყუთში აგდებენ.
  • ხმის დათვლის შემდეგ ყველა ბიულეტენი იწვება:
    • თუ არჩევნები ვერ შედგა – ბიულეტენებს შავ ნივთიერებას უმატებენ და საკვამურიდან შავი კვამლი ამოდის.
    • თუ, ხმათა უმრავლესობით (2/3 + 1), ახალი პაპი აირჩიეს – მაშინ თეთრი კვამლი ამოდის და სიქსტეს კაპელადან მსოფლიოს ეცნობება: „habemus papam“ – (We have a pope)

როდის ტარდება კონკლავი?

როდესაც პაპი გარდაიცვლება ან გადადგება (როგორც ბენედიქტე XVI 2013 წელს), კონკლავის პროცესი იწყება. ეს შეიძლება დღეები ან კვირები გაგრძელდეს – მაგალითად, 13 დღე გაგრძელდა 2013 წლის კონკლავი, როცა პაპი ფრანცისკე აირჩიეს.

რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი?

ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი ცერემონია, რომელსაც მთელი მსოფლიო რეალურ დროში ადევნებს თვალს. მიუხედავად ტექნოლოგიური ევოლუციისა, ყველაფერი ისე რჩება, როგორიც საუკუნეების წინ იყო – სიტყვა, წერილი, კვამლი. და სწორედ ესაა უნიკალური.

დენ ბრაუნის წიგნშიც კონკლავი უდიდესი დაძაბულობის ადგილი ხდება – მკვლელობებით, საიდუმლოებით, სიმბოლოებით… რეალურ ცხოვრებაში კი ეს ბევრად უფრო მშვიდი, მაგრამ მაინც დრამატული პროცესია.

რამდენიმე დღის წინ იდეალური ედითი ვნახე ტიკტოკზე ანგელოზები და დემონებიდან, მაგრამ იუთუბზე მსგავსი ვერ ვიპოვე.

ვატიკანიდან უწყვეტი ლაივი ამწამსაც მიმდინარეობს. დღეს მეორედ ამოვიდა შავი კვამლი.

საინტერესოა ვინ იქნება 267-ე რომის პაპი.

წესით, რამდენიმე დღეში უკვე უნდა ვიცოდეთ.